26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხარკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, გლოვის დღეს სახელმწიფო დროშები სამთავრობო შენობებზე, ადგილობრივი მთავრობების, სახელმწიფო დაწესებულებების, ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების შენობებზე მთელი უკრაინის მასშტაბით დაშვებული უნდა იყოს. უნდა გადაიდოს ყველა გასართობი და საკონცერტო ღონისძიება, ტელე და რადიო პროგრამებში კი შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

„2020 წლის 25 სექტემბერს საწვრთნელი ფრენების დროს An-26 სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ვიღებ გადაწყვეტილებას: 2020 წლის 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოვაცხადო”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

„გუშინ, საშინელი ტრაგედიის შედეგად უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა. მოვითხოვ, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები სასწრაფოდ დადგინდეს და გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდეს,“- აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 – შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.