Facebook-ს და Google-ს ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვა ვთხოვეთ, დაგვთანხმდნენ – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, Facebook-ს და Google-ს თამარ ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვის მოთხოვნით მიმართეს, რაზეც ამ კომპანიებმა თანხმობა განუცხადეს.

“24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია facebook-ის ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოვითხოვეთ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით.

facebook-ის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად.

27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია facebook-ის ადმინისტრაციას ასევე მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის Instagram მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია Google-ს ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის Google-ს მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება Google-მ პროკურატურას 31 ივლისს დაუდასტურა.

28 ივლისს (Facebook ანგარიშის წაშლის დღე) საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კვლავ მიმართა აშშ-ში Facebook-ს 25 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით მონაცემების შენახვის მოთხოვნით. Facebook-მა იმავე დღეს დაადასტურა, რომ შეინახა მონაცემები, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი აღარ იძებნებოდა საჯაროდ.

28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კომპანია Facebook-ის სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. Facebook-მა განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი, ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები.

რაც შეეხება მონაცემების გამოთხოვას, 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში კომპანია facebook-ის ადმინისტრაციას მიმართა მომხმარებლის არაშინაარსობრივი მონაცემების (თუ როდის და რომელი IP მისამართის გამოყენებით შევიდა მომხმარებელი პროფილზე, IP მისამართის დადგენის შემდეგ შესაძლებელია ინტერნეტის მომხმარებლის რეალური ვინაობის დადგენა) მოწოდების მოთხოვნით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. მონაცემების გამოთხოვისთვის საქართველოს პროკურატურამ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება.

5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა facebook და Instagram მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს” – აცხადებს პროკურატურა.

ცნობისთვის, დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრის მერე საქმეში FBI ჩაერთვება. მისივე თქმით, გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე შეჰპირდა, რომ ხელს არავის დააფარებენ და ვინც არ უნდა იყოს, გამოააშკარავებენ.