Mazilla.ge-ს შესაძლოა, თაღლითები მართავდნენ – ეროვნული ბანკის გაფრთხილება

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კომპანია Mazilla.ge, შესაძლოა, თაღლითების მიერ იმართებოდეს

სებ-ის განცხადებით, ეს ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხის აღებისთვის შუამავლობას სთავაზობს, სებში რეგისტრირებული არ არის.

“Mazzila.ge არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ დეტალური და პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული”, – წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას.

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე, განსაკუთრებით, თუ ეს საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის ვებ-გვერდებზე პირადი და ფინანსური მონაცემების განთავსებას ეხება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406“ , – აღნიშნულია განცხადებაში.