საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს მოსახლეობას მიმართავს

{{ARTICLEIMAGE}}
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. მაკრონის გადაწყვეტილების მიზეზი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებია, რომლის მონაწილეებიც გადასახადების შემცირებას, ხელფასის, ასევე პენსიის გაზრდას და პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ.

საფრანგეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ნოემბრის ბოლოს დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ახალ გადასახადს, რომელიც საწვავის გაძვირებას გამოიწვევდა. საფრანგეთის მთავრობამ ახალი გადასახადის შემოღება გადაავადა, თუმცა საპროტესტო გამოსვლები ხელფასის და პენსიის გაზრდის მოთხოვნით გაგრძელდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებს ყვითელი ჟილეტები აცვიათ, პარიზში რამდენჯერმე გადაიზარდა მასობრივ არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში. საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “ყვითელი ჟილეტების” აქციების გამო ქვეყნის ეკონომიკამ შემოსავლების 40% უკვე დაკარგა. პარიზში მინიმუმ 10%-ითაა შემცირებული სასტუმროების დაჯავშნის მაჩვენებელი, რომელიც ტრადიციულად მაღალია საშობაო და საახალწლო პერიოდში.

საპროტესტო გამოსვლების გასული კვირის ბოლოს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ მთავრობა დიალოგისთვის მზად არის და პრეზიდენტს აქვს ახალი წინადადებები. ფილიპს დეტალები არ დაუკონკრეტებია. მიმართვამდე ემანუელ მაკრონი დღეს პროფკავშირების, ბიზნესის და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.