UNICEF – საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს

საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ახალ ანგარიშში. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი აცხადებს, რომ ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ხელს უშლის ბავშვებსა და ახალგაზრდებს იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში:

“ისინი იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან. ხოლო სკოლების დახურვის შემთხვევაში, რაც ახლა ხდება COVID-19–ის გამო, ინტერნეტის არქონა ბავშვებს განათლებაზე ხელმისწავდომობას უზღუდავს”.

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში სასკოლო ასაკის ბავშვების ორ მესამედს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ეს მაჩვენებელი ანალოგიურია 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც — 759 მილიონ ახალგაზრდას, ანუ 63%-ს, არ აქვს სახლში ინტერნეტკავშირი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პანდემიამდე, მზარდი იყო იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საბაზისო, ციფრული, დასაქმების შესაბამისი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესწავლა, 21-ე საუკუნის ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მისაღწევად.როგორც UNICEF-ში აღნიშნავენ, პანდემიის გამო სკოლების დახურვა შეეხო დაახლოებით 661 500 ბავშვს, რომლებსაც ვირტუალურ რეჟიმში სწავლაზე გადასვლა მოუწიათ. ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ.