აშშ-ის დაზვერვამ საზღვარგარეთ რუსების პოლიტიკური მკვლელობების შესახებ დოკუმენტი გაასაჯაროვა

ალექსეი პერეპელიჩნი ერთ–ერთია, ვისზეც დოკუმენტშია საუბარი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა ნაწილობრივ გაასაჯაროვა დოკუმენტი ვლადიმერ პუტინის ოპონენტების პოლიტიკური მკვლელობების შესახებ, რომლებიც ჩადენილია რუსეთის ფარგლებს გარეთ, და რომლებშიც აშშ-ს დაზვერვის აზრით, დიდი ალბათობით კრემლი მონაწილეობს. უწყება დოკუმენტებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნას Bloomberg-ის ჟურნალისტის ჯეისონ ლეოპოლდის მოთხოვნის საპასუხოდ დათანხმდა .

საუბარია 2016 წლის მემორანდუმზე, რომელიც აღწერს საზღვარგარეთ მომხდარ პოლიტიკურ მკვლელობებს, ამერიკული აზრით კრემლის დაკვეთით ჩაიდინეს. ლეოპოლდმა უწყებას ოფიციალური მოთხოვნა დოკუმენტისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წელს წარუდგინა და პასუხი ამ კვირაში მიიღო.

დაზვერვის დოკუმენტის, რომელიც გამოცემამ საჯაროდ გამოაქვეყნა, სახელწოდებაა „კრემლის მიერ შეკვეთილი მკვლელობები საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, გაგრძელდება“.

„ჩვენი ნდობის დონე ამ გადაწყვეტილების მიმართ მაღალია და ეფუძნება რუსეთის ოფიციალურ განცხადებებს და იმ ქვეყნების მთავრობების დასკვნებს, სადაც მკვლელობები მოხდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ მისი ზოგიერთი ნაწილი არ იქნა გასაჯაროებული უცხო ქვეყნების მთავრობების საიდუმლო ინფორმაციისა და საიდუმლო სადაზვერვო საქმიანობის დაცვის მიზნით, წერს Bloomberg.

მემორანდუმის პირველ გვერდზე აღნიშნულია, რომ ის ეხება მხოლოდ საზღვარგარეთ მკვლელობებს, რომლებიც მოხდა 2000 წლიდან, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

Bloomberg-მა განაცხადა, რომ კომენტარისთვის დაუკავშირდა რუსეთის საელჩოს ვაშინგტონში, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ვისზეა საუბარი დოკუმენტში?

დოკუმენტში პირველად ნახსენებია ჩეჩენი საველე მეთაურის ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობა, რომელიც ჩადენილი იქნა ყატარში 2004 წელს და რისთვისაც შემდგომში გაასამართლეს ორი რუსი სამხედრო დაზვერვის ოფიცერი. ეს არის „პირველი ნათელი შემთხვევა პუტინის ეპოქაში, რომ მოსკოვმა მოაწყო მკვლელობა საზღვარგარეთ“–თვლის აშშ–ს დაზვერვა.

ახლა პუტინმა “ალბათ ჩეჩნეთის ხელმძღვანელს რამზან კადიროვს მისცა თავისუფლება, მოეკლა ჩეჩნები საზღვარგარეთ”, თვლის აშშ–ს დაზვერვა. დაზვერვა მრავლობით რიცხვში წერს კადიროვის აგენტების მიერ საზღვარგარეთ ჩადენილ მკვლელობებზე, მაგრამ კონკრეტულ სახელებს არ ასახელებს.

დოკუმენტში ასევე ნახსენებია “ეფესბეს“ყოფილი ოფიცრის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა ლონდონში 2006 წელს. ამერიკულ დაზვერვას მიაჩნია, რომ მოსკოვმა “თითქმის დანამდვილებით” გასცა ბრძანება, მაგრამ ლეოპოლდის თქმით, დოკუმენტში სხვა რამ არის საინტერესო.

ალექსანდრე ლიტვინენკო

როგორც ის აღნიშნავს, აშშ-ს დაზვერვამ დაასკვნა, რომ კრემლი “სავარაუდოდ იყო ჩართული სხვა მაღალი რანგის პირების დევნაში პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობებისათვის”. ამავდროულად, მემორანდუმში ხაზგასმულია, რომ დაზვერვას აქვს „მხოლოდ დაბალი ან საშუალო ხარისხის ნდობა ამ მსჯელობებისადმი, ვინაიდან აქ კრემლის ჩართულობის ნაკლებად პირდაპირი და სანდო მტკიცებულებებია, ვიდრე ლიტვინენკოს შემთხვევაში“.

დოკუმენტი აღწერს რუსი ბიზნესმენის ალექსანდრე პერეპილიჩნის გარდაცვალებას, რომელიც „ბიოლოგიური ტოქსინით მოკლეს დიდ ბრიტანეთში 2012 წელს, ცოტა ხნით ადრე, სანამ მას ჩვენებას უნდა მიეცა კრემლის საგადასახადო თაღლითობის მექანიზმების შესახებ“.

ლეოპოლდი აღნიშნავს, რომ 2017 წელს ის იყო იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებმაც განაცხადეს, რომ პერეპილიჩნი მოკლეს კრემლის ბრძანებით, მაგრამ ბრიტანელმა გამომძიებლებმა მკვლელობის მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს და დაასკვნეს, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა.