შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დამატებით 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. პაკეტში შემავალი შეიარაღების სრული სია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 9 მაისს გამოაქვეყნა. დახმარება უზრუნველყოფილია არა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან, არამედ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ შეიარაღებას თავდაცვის ინდუსტრიისგან ან პარტნიორებისგან ყიდულობს.
USAI-ის პროგრამის თანახმად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარებას პარტნიორებისგან იყიდის და ის არ იქნება პენტაგონის რესურსებიდან.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა
- დასავლური გამშვები მოწყობილობების, რაკეტებისა და რადარების უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ინტეგრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა
- დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალა
- 155 მმ საარტილერიო ჭურვები
- კომერციული სატელიტური გამოსახულების მომსახურება
- წვრთნებში, შეიარაღების შეკეთებასა და მომსახურებაში დახმარება
“აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე მისი გადაუდებელი და გრძელვადიანი საჭიროებები”, – თქვა პენტაგონმა.