“დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!” – დღეს 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

“დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!” – დღეს, 3 ივნისს 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.

“30 მაისიდან მოყოლებული ჯიუტებს ყოველდღე გვართმევენ ბანერებს. 2 ივნისს დააკავეს ჯიუტის წევრები და სხვადასხვა ჯგუფის წევრი აქტივისტები. დაკავების მიზეზი ერთია – პოლიცია ებრძვის ნებისმიერი შინაარსის ბანერს, სადაც ღარიბაშვილზე რაიმე მინიშნებას ამოიკითხავენ. დაამზადეთ თქვენი ბანერი ღარიბაშვილის შესახებ და მოდით ხვალ 21:00 საათზე პარლამენტის წინ”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მოქალაქეები 2 ივნისს პარლამენტთან ბანერების გამო აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაკავებას გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “ჯიუტია”.

გუშინ, 2 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ბანერების გამო პოლიციამ აქტივისტები უფლებადამცველები დააკავა. მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა. პოლიცია მათ, ძალის გამოყენებით აკავებდა.