დეპუტატის მანდატზე უარს ვიტყვი, მაგრამ ცერემონიები არ მიყვარს – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხვალ მე–10 მოწვევის პარლამენტის შეკრებისას ოფისში იქნება და არა მეტეხის ხიდთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივად გეგმავს მანდატებზე უარის თქმას.

მისი თქმით, ისიც, სხვების მსგავსად, იმავე ვადებში დაწერს განცხადებას, მეტეხის ხიდთან კი იმიტომ არ მივა, რომ “ცერემონიები არ უყვარს”.

“მასეთ ღონისძიებებზე უკვე სამჯერ მაქვს ხელი მოწერილი. მესმის რომ ოპოზიციური პარტიებისთვის ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ მე რა პროცედურებიც არის გასავლელი იმისათვის, რომ ბოიკოტის რეჟიმი შევინარჩუნო და პარლამენტში არ შევიდე, ყველა პროცედურას გავივლი ჩემით. თვითონ იმ ცერემონიალზე არ ვიქნები.

უბრალოდ არ მიყვარს ასეთი ცერემონიები, 3-ჯერ მოვაწერე უკვე რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ და არ მგონია კიდევ ვინმესთვის რამე მქონდეს დასამტკიცებელი, რომ ჩემი სიტყვის ერთგული ვარ, რაც მაქვს ნათქვამი იმას დავიცავ”,– თქვა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავი 2–ის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ არ იცის, რას აპირებენ მისი ყოფილი თანაგუნდელები, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას არცერთი ოპოზიციური პარტია არ დაესწრება. ამ დროისთვის, მანდატებზე უარს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია არ ამბობს და საკითხს ღიას ტოვებს.

ელისაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება ოპოზიციის 4–ვე მოთხოვნაზე თანახმაა, თუ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას დაამტკიცებს. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ევროპულ საქართველოს შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურს. ელისაშვილი ირწმუნება, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოს მძევლად ჰყავს აყვანილი.