4-ვე საკითხზე შეთანხმებულები ვართ, ბოკერიას პარტია ხელს არ აწერს – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება 4–ვე მოთხოვნის შესრულებაზე თანახმაა, თუ ოპოზიცია რაიმე ფორმით არჩევნების გაყალბებას დაამტკიცებს.

“ბოლო შეხვედრაზე ქართული ოცნება მოვიდა, ამ პაკეტზე თქვა, რომ დასტურს გაძლევთ არჩევნებთან დაკავშირებით, ყველაზე და გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო. ანუ 4 საკითხიდან გვითხრეს, რომ ოთხივეზე თანახმა ვართო. ოღონდ გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო, როგორც გინდათ ისე დაგვიდასტურეთო, რასაც ენდობით ის მოგვიტანეთო. ამაზე მეტი რა უნდა თქვან, გულზე ხელი დაიდეთ…”,– ამბობს ელისაშვილი ფეისბუქლაივში.

მისივე თქმით, მიუხედავად თანხმობისა, ევროპულ საქართველოს შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურს.

“ოთხივე საკითხზე პრინციპში შეთანმხებულები ვართ და რა ხდება ახლა, ბოკერიას, უგულავას ხალხი და კიდევ ვიღაც ვიღაცეები ამბობს, რომ ხელს არ მოვაწერთო, შეთანხმება ხომ არის, უნდა მოაწერო ხელი და შეხვიდე პარლამენტში, პირობების შესრულება რომ დაიწყება.

ახლა ხდება ყველაზე უცნარური ამბავი, რომელსაც ევროპული საქართველო ჰქვია, მაგრამ მავნებელი საქართველოა სინამდვილეში, ბნელი საქართველო არის, როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე, მოლაპარაკებებზე ცდილობდა მოლაპარაკების ჩაშლას, თავიდან ბოლომდე, პირველი დღიდან, პირველი წინადადებიდან იძახდა არ მინდა, არ მინდა. ახლა არის ერთი სცენარი, წავედით, ამ ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ, ჩვენი რასაც ვითხოვდით ის ყველაფერი დააკმაყოფილეს”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიციის ოთხი მოთხოვნაა: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ყველა არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება.