კასიანოვს მკაცრად ვთხოვეთ განმარტება უკრაინის დაზვერვის განცხადებებზე – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს სამინისტროში გაიმართა შეხვედრა უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრიი კასიანოვთან, სადაც მას უკრაინის დაზვერვის განცხადებებზე “მკაცრად ეთხოვა განმარტება”.

“დიპლომატი საგარეო უწყებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იქნა გამოძახებული.

შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას.

უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური შინაარსის წინა ბრალდებაზე, 5 აპრილს”,– აცხადებს საგარეო.

უწყების ცნობით, კასიანოვმა თქვა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების ირგვლივ და აღნიშნა, რომ შესაბამის შეტყობინებას დედაქალაქს გადასცემდა.

“შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.  ანდრიი კასიანოვმა გამოთქვა მადლიერება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებებისათვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისათვის”,– ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციათ, რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს საკუთარი პროდუქტის რეექსპორტის საკითხზე.