პროდუქციის რეექსპორტზე მოსკოვი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, ეკონომიკური სანქციების დამანგრეველი შედეგების მინიმიზაციის მიზნით, რუსეთი ცდილობს სხვა ქვეყნების გამოყენებას.

მათივე ცნობით, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს “საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის შესახებ”.

“მესამე ქვეყნებში მიწოდება იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა დაფუძნებული”,– წერია დაზვერვის განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, მოსკოვი გეგმავს, ორგანიზებას გაუწიოს ОДКБ-ს ქვეყნებში  რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის კომპონენტების წარმოებას.

“ამასთან, გაზრდის ОДКБ-ს წევრი ქვეყნების ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე, რაც ასევე შედის კრემლის ინტერესებში”,– აცხადებს დაზვერვა.

უკრაინული მხარე ყურადღებას ამახვილებს სომხეთზეც და აღნიშნავს, რომ ის რუსულ კომპანიებს ხელსაყრელ პირობებს უქმნის ბიზნესის საწარმოებლად, განსაკუთრებით IT სფეროში.

“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან სომხეთში 85 000-მდე რუსეთის მოქალაქე და 113 IT კომპანია ჩავიდა. რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთში დააარსეს 1000-მდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს, რომლებიც გადასახადებს გადაიხდიან როგორც სომხეთის, ისე რუსეთის ბიუჯეტში”,– ვკითხულობთ დაზვერვის განცხადებაში.