მაშინებს მამაჩემის მდგომარეობა–ედუარდ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი, ედუარდ  სააკაშვილი “ნეტგაზეთთან “ ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ   მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დამძიმებულია:

“საქართველოში ბოლოს სექტემბერში ვიყავი, რაც ნიშნავს, რომ სულ ბოლოს რა მოხდა, პირადად არ შევსწრებივარ. თუმცა ხშირი კონტაქტი მაქვს ოჯახის წევრებთან, ადამიანებთან, ვინც მასთან შედიან. მე, მაგალითად, ძალიან ვენდობი ჩემს ძმას, რომელიც არასდროს არაფერს გააზვიადებს და ყოველთვის ძალიან ზომიერად აღწერს სიტუაციას. ნიკოლოზი რამდენიმე დღის წინ იყო მიშასთან შესული. მან მითხრა, რომ მამაჩემი ლოგინში წევს, არის ძალიან სუსტად, ძალიან გამხდარია და არის უარესად, ვიდრე წინა შესვლაზე, რაც არის ძალიან რთული მოსასმენი. მეც მალე მოვახერხებ ჩამოსვლას და პირადად მონახულებას. რა ხდება ზუსტად, მე არ ვიცი, არც [„ემპათიის“] დასკვნა მინახავს, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია, რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა, კარგავს ენერგიას, წონას, უფრო და უფრო ნელა საუბრობს… არ ვიცი, ამ ფორმით რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს. ძალიან მაშინებს, რა მდგომარეობაში იქნება მამაჩემი ამ ყველაფრის ბოლოს, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში ციხიდან გამოვა – იმის წარმოდგენა არ მინდა, რომ ეს დღე არ დადგება – მაგრამ რა მდგომარეობაში იქნება იგი იმ მომენტში? მე თუ ახლა მენტალურ პროექციას გავაკეთებ და დღევანდელი სიტუაციის ექსტრაპოლაციას, მაშინ საკმაოდ ცუდ სურათს ვხედავ.“

კითხვაზე, რომელი დიაგნოზია მიხეილ საააშვილისთვის ყველაზე პრობლემური, ედუარდ სააკაშვილი პასუხობს: 

„ არ ვიცი. ამაზე ექიმებს უსაუბრიათ, შეიძლება საჯაროდაც. იმდენი ადამიანი ლაპარაკობს მის ჯანმრთელობაზე და ხან რა მესმის, ხან — რა, ცოტა დაბნეული ვარ იმიტომ, რომ დოკუმენტი ჯერ არ მინახავს და ამიტომ მეც ძალიან ველოდები, რომ დოკუმენტში ეწეროს კონკრეტული დიაგნოზი ან დიაგნოზები და ეს იყოს კარგად დასაბუთებული. ეს მე და ბევრ ადამიანს გაგვიადვილებს სიტუაციის უკეთ გაგებას. ჩემთვის აშკარაა, რომ მამაჩემი არის ავად. თან საკმაოდ მძიმედ, მაგრამ სამედიცინო ტერმინებში როგორ ვთარგმნო, არ ვიცი.

მე არ ვიცნობ საფუძვლიანად საქართველოს სამედიცინო სისტემას, მაგრამ „ვივამედი“ ითვლება  საკმაოდ კარგ კლინიკად, ხომ? ძალიან მადლობელი ვარ და კარგია, რომ პენიტენციურმა იქ გადაიყვანა, თუმცა არ არის საკმარისი. 6 თვეა მამაჩემი „ვივამედშია“ და სიტუაცია უარესია, ვიდრე დასაწყისში იყო. ე.ი. რაღაც აკლია, ხომ?! სალომე ზურაბიშვილიც კი, თუ არ ვცდები, აკეთებს მინიშნებას, რომ მისი საქართველოში მკურნალობა რთული იქნება. მამაჩემის ჯანმრთელობა მანამდეც არ იყო იდეალური და იმ მდგომარეობაში, რომელშიც ერთწლიანი უბედურების შემდეგაა, თუ გვინდა, რომ სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდეს, ლოგიკურია, რომ ვიფიქროთ უცხოეთში მკურნალობაზე, რაც ისედაც ბევრ შემთხვევაში საჭირო ხდება საქართველოში. ხშირად გვესმის, რომ ადამიანები სამკურნალოდ უცხოეთში მიდიან.“ – ამბობს ედუარდ სააკაშვილი.

წყარო: ნეტგაზეთი