ნამუსიც კარგი საქონელია, გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები – ქადაგიშვილი გახარიაზე

“ნამუსიც კარგი საქონელია“,- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გახარიას კრიტიკულ განცხადებას.

„შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას პოზიცია არ გააჩნია. ასევე არ გააჩნდა პოზიცია, როდესაც გაურკვეველი მიზეზების გამო თანამდებობა დატოვა. გიორგი გახარიას განცხადებაზე შეიძლება ითქვას „ნამუსიც კარგი საქონელია“, რადგან მისი ჩატარებული ოპერაციები გვახსოვს. მახსოვს, პანკისის ხეობაც. მაშინ მას გვერდში დავუდექით და ვცადეთ, რომ მდგომარეობა განგვემუხტა.

როდესაც რამდენიმე თვის წინ იმ მთავრობის თავმჯდომარე იყავი, რომლის წევრებიც ძირითადად შენარჩუნებულია, ასეთი განცხადების გაკეთება მიუთითებს შენს უპასუხისმგებლობაზე და შენზე, როგორც პოლიტიკოსზე, რომელმაც საკუთარი ადგილი ვერ მოძებნა და ახლა ცდილობს, დააზიანოს ის, ვინც გაზარდა და ვინც თავის დროზე პოლიტიკოსად შექმნა. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის სახეს აჩვენებს, რაც ვწუხვარ, რომ გიორგი გახარიას არ გააჩნია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე აზრით, გიორგი გახარია პიროვნულ მარცხს განიცდის, რაც ირაკლი კობახიძესთან კონკურენციითა არის გამოწვეული.

ცნობისთვის, დღეს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებზე ძალადობა და პოლიციის უმოქმედობა შეაფასა და მას “უსუსურობა” უწოდა. გახარიას აზრით, 5 ივლისს სახელმწიფო ჩამოიშალა.