“ნაცისტები არ უნდა გავცვალოთ” – დუმის სპიკერი აზოვსტალიდან ევაკუირებულებზე

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ აზოვსტალიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები რუს ტყვეებში არ უნდა გაცვალონ.

მისი მტკიცებით, ისინი “ნაცისტები” არიან და რუსეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

“ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ”, – თქვა ვოლოდინმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი დაჭრილ და ტყვედ ჩავარდნილ მებრძოლებს ჰუმანურად ეპყრობა. 

“განსხვავებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის ხელისუფლებისგან, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და აწამებენ ჩვენს სამხედრო ტყვეებს”,– აცხადებს დუმის სპიკერი.

ცნობისთვის, გუშინ, 16 მაისს აზოვსტალიდან 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო 211 ოლენივკიში.

გენშტაბის ინფორმაციით, ოლენივკიში მოხდება ტყვეების გაცვლა, საიდანაც შემდეგ უკრაინელ სამხედროებს კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ. ირინა ვერუშჩუკის განცხადებით, დაჭრილი სამხედროების რუს ტყვეებში გაცვლა მათი მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მოხდება.