შაბათის ფორმულას ინფორმაციით, 24 მარტს, ნაძალადევის რაიონში 2 უცნობი ადამიანი ახალგაზრდა კაცსა და მის მამას დაესხა თავს. კაცი მამასთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მათსავე სახლთან გაჩერებულ ავტომობილთან 2 უცნობი დახვდა.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ მათ შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მოგვიანებთ ერთ-ერთი სიტყვიერი დაპირისპირებიდან პირდაპირ იარაღის მუქარაზე გადადის, იღებს პისტოლეტს და ცდილობს ახალგაზრდა კაცს ესროლოს. ჩანაწერებით ირკვევა, რომ ფიზიკური დაპირისპირების და წინააღმდეგობის მიუხედავად, აკაკი ჩერქეზიშვილი ახალგაზრდას 3-ჯერ ესვრის. მისი თანმხლები პირი ძირს დავარდნილ კაცს სახეში წიხლს ურტყამს. ამის შემდეგ თავდამსხმელები მანქანაში ჯდებიან და ქურდიანის ქუჩას ტოვებენ.
ჩერქეზიშვილი ჯგუფურად ჩადენილი დაჭრის გამო დააკავეს, მის თანმხლებს პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს.
შაბათის ფორმულამ დაადგინა თუ ვინ არის აკაკი ჩერქეზიშვილი. ის ავთანდილ ბილანიშვილის, კაწროდ ცნობილის მეგობარია. კაწრო ფიგურირებდა გიორგი შაქარაშვილის საქმეში, რომელიც ბერა ივანიშვილის მეგობარია.