“ბანერები თავზე დაგვახიეს” – პარლამენტთან მოქალაქეებს ბანერების გამო აკავებენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა – აქტივისტის შუშანა მაცაბერიძის თქმით, დაკავებულები არიან: ლაშა ჯანჯღავა, შოთა თუთბერიძე და ლევან ნიშნიანიძე.

  • განახლება: შოთა თუთბერიძე, ხელწერილის საუფძველზე რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. თუთბერიძის თქმით, სამართალდამცველებმა შეადგინეს ოქმი, სადაც ჩაწერეს, თითქოს ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და აგინებდა, რაც ადვოკატის თქმით, სიცრუეა და თუ სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს, ამის დადასტურება მარტივია.როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, დაირღვა მისი უფლება და არ მისცეს დარეკვის საშუალება, ასევე ჩამოართვეს პირადი ნივთები.

“ავლაბარში როცა მოვედით ვიღაცამ დაურეკა, პოლიციელს ერთ ერთს ოფლმა დაასახა, მითხრა, რომ შენ განრიდებული ხარ დაკავებული არ ხარო, მომხსნა ბორკილები, ჩამოსმას აპირებდნენ სადღაც. მოვთხოვე რა კანონის საფუძველზე განრიდება, მითხრეს, რომ კონსტიტუციის საფუძველზე არის გაკეთებულიო, ამის შემდეგ, რადგან მე არ აღმოვჩნდი მორჩილი, რომელსაც გადასვამდნენ სადღაც ავლაბარში, მოვბრუნდით თავისუფლების მოედანზე, როცა გავჩერდით 5-10 წუთი ვიღაცეები მოვიდნენ, ვიღაცეებმა დაურეკეს და ამის შემდეგ თქვეს, რომ ახლა ნამდვილად დაკავებული ხარო, ხელმეორედ დამადეს ბორკილი. წამომიყვანეს შსს-ს მთავარ შენობაში, დაიწყეს ოქმის შედგენა, ჩამომართვეს ნივთები, დარეკვის საშუალება არ მომცეს ბოლო წუთამდე,მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი წარმომადგენელიც იყო მოსული. ოქმში ჩაწერეს, რომ გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გაგვიწია წინააღმდეგობა, რა არის სიცრუე.” ამბობს თუთბერიძე.

თუთბერიძე კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი.

მშვიდობიან აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარლამენტის კიბეებზე ბაანერით: “ირაყლი” იჯდა.

”პარლამენტის წინ ბანერები თავზე გადაგვახიეს, არანაირი გადატანითი მნიშვნელობა, პირდაპირი მნიშვნელობით თავზე გადაგვახიეს.აქციის 3 მონაწილე დააკავეს ბანერის ხელში დაჭერის გამო. ცარიელი ფურცლებით მდგომ აქტივისტებს, ცარიელი ფურცლები წაართვეს.” – დაწერა მაცაბერიძემ.

სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას ბანერებით ხელში ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ. აქტივისტები პრემიერ ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებს და პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებენ.