თეოლოგი ბასილ კობახიძის განცხადებით, ახლა ტაძრებში დიდი ხუთშაბათის წირვაზე ადამიანების ფართომასშტაბიანი დავირუსება ხდება, რაც ხალხის ხოცვაა საპატრიარქოს მიერ. ამიტომ , როგორც კობახიძე ამბობს, პატრიარქიდან დაწყებული, ყველა მღვდელი უნდა დააპატიმრონ, ვინც წირვას აღავლენს.
,,სატანას აღუვლენს წირვას ყოველი მღვდელი, ვინც დღეს მსახურობს და ხალხს აზიარებს. დღეს ასევე უამრავი ბავშვი მიიყვანეს ზომბმა მშობლებმა ზიარებისათვის. დღეს, აი ახლა, ხდება ფართო მასშტაბიანი დავირუსება, რომელიც აღდგომას კიდევ გაიზრდება. დღეს პირდაპირ ვუყურებთ ხალხის ხოცვას სამღვდელოების მიერ. ყოველი ეს მღვდელი, პატრიარქიდან დაწყებული, უნდა დააპატიმრონ. სამხედრო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. მედიამ ახლავე განგაშის ზარები უნდა დარეკოს”,- ამბობს ბასილ კობახიძე.
ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელ ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის მიუხედავად, დიდი ხუთშაბათის წირვა ტარდება.
გუშინ, 15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდა, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.
პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.