რატომ არ გვახსოვს არაფერი საკუთარი ჩვილობის პერიოდიდან–მეცნიერების ახსნა

ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა, რატომ არ ახსოვთ არაფერი მათი ცხოვრების პირველი წლებიდან, მაგალითად როგორ სწავლობდნენ სიარულს ან ლაპარაკს. ყველაზე უჩვეულო ჩვილობისას ის არის, რომ პატარა არსების წინაშეა უზარმაზარი, უცნობი სამყარო, რომელსაც თანდათანობით იკვლევს და სწავლობს,  ფერებიდან, ხმებიდან და გემოებიდან დაწყებული, სხვადასხვა ობიექტებით თუ ცხოველებით დამთავრებული. თუმცა, საინტერესოა, რატომ არ ახსოვთ ადამიანებს არაფერი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ.

ამას მეცნიერული ახსნა აქვს.

მეხსიერება და მოგონებები – საინტერესო, და ამავე დროს რთული მექანიზმია. ხანდახან შევდივართ ოთახში და არ გვახსოვს, რისთვის შემოვედით, მივდივართ საყიდლებზე ისე, რომ თან სია არ მიგვაქვს, შემდეგ უკვე ვეღარ ვიხსენებთ, რისი ყიდვა გვინდოდა.

ახალშობილებს რაც შეეხება, მათი ტვინი უბრალოდ არასაკმარისად არის განვითარებული საიმისოდ, რომ მოგონებების ფორმირება მოახდინოს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მიზეზია.

განსხვავება იმაშია, რომ სემანტიკური მეხსიერება ფაქტებს, ობიექტებს შორის ურთიერთკავშირს, აღქმებს და ბევრ სხვა აბსტრაქტულ დეტალებს განაგებს. ეპიზოდური მეხსიერება კი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, უფრო ადამიანის ცხოვრების კონკრეტულ მოვლენებთან არის დაკავშირებული. მეცნიერები ასევე აღნიშნავენ ავტობიოგრაფიულ მეხსიერებას – ეს არის ეპიზოდური მეხსიერების უფრო ღრმა სახეობა, რომელშიც ასეთი მოვლენების პირადი მნიშვნელოვნებაც არის გათვალისწინებული.

მეცნიერები გვიხსნიან, რომ ადამიანის ცხოვრების პირველი 5–7 წლის განმავლობაში ეპიზოდური მეხსიერების ამ განსაკუთრებული სახეობის შექმნის უნარი ადამიანს არ აქვს, ან ცუდად აქვს განვითარებული.

ეპიზოდური და ავტობიოგრაფიული მეხსიერების განვითარება ეპიზოდური მეხსიერების ინფანტიულრი ამნეზიის კონცეფციას უკავშირდება.

ამნეზიის ეს ფორმა განისაზღვრება, როგორც ავტობიოგრაფიული მოგონებების ერთგვარი ნაკლებობა ცხოვრების პირველი 3–4 წლის განმავლობაში. შემდეგ კი, ასეთი მოგონებების რაოდენობა ბავშვის ცხოვრების პირველი 10 წლის მანძილზე თანდათანობით იზრდება.

ახალშობილებს აქვთ უნარი მათთვის საჭირო კავშრები დაამყარონ და ემოციები თუ სურვილები გამოხატონ. თუმცა უფრო რთული ეპიზოდური მოგონებების განვითარება მათში მოგვიანებით ხდება.

ვარაუდობენ, რომ ტვინს არ აქვს ამ რთული მოგონებების ცხოვრების ძალიან ადრეულ ეტაპზე ფორმირების უნარი, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ისინი ადამიანის მეხსიერებას არც შემორჩება და ვერც მაშინ გაიხსენებს ამ პერიოდს, როცა მისი ტვინი სრულად არის ფორმირებული.