მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანტარქტიდის წარსულში ერთხელ უკვე მომხდარმა საგანგაშო ცვლილებამ შეიძლება ზღვის დონის დამღუპველი აწევა მომავალშიც გამოიწვიოს

ახალი კვლევის თანახმად, 2000 ფუტის სიგრძის ყინულის ბირთვის მონაცემები აჩვენებს, რომ დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის ფარი მოულოდნელად და მკვეთრად შემცირდა დაახლოებით 8000 წლის წინ, რაც საგანგაშო წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება დადნეს ანტარქტიდის ყინული და ზღვის დონის მკვეთრი აწევა გამოიწვიოს  .

ოთხშაბათს ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ყინულის ფარის ნაწილი ბოლო გამყინვარების პერიოდის ბოლოს სულ რაღაც 200 წელიწადში 450 მეტრით (1,476 ფუტი) გათხელდა.

კვლევის ავტორების თქმით, ეს არის პირველი პირდაპირი მტკიცებულება ყინულის ასეთი სწრაფი დაკარგვის შესახებ ანტარქტიდაში.

მეცნიერებმა აქამდეც იცოდნენ, რომ ყინულის ფარი უფრო დიდი იყო ბოლო გამყინვარების პერიოდის ბოლოს, ვიდრე დღეს არის, მაგრამ გაცილებით ნაკლები იყო ცნობილი იმის შესახებ, თუ როდის მოხდა ეს შეკუმშვა, ამბობს ერიკ ვოლფი, გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის უნივერსიტეტის გლაციოლოგი და  კვლევის ავტორი.

მისი თქმით, ეს კვლევა სიტუაციას ცვლის. “ ჩვენ შევძელით ზუსტად გვეთქვა, როდის დაიხია მან უკან,  მაგრამ ასევე შევძელით  გვეთქვა, რამდენად სწრაფად დაიხია ყინულმა უკან.“

ახლა უკვე ნათელია, რომ ყინულის ფარი  წარსულში ძალიან დაპატარავდა და გათხელდა, თქვა ვოლფმა, მაგრამ საშიშროება ის არის, რომ ეს პროცესი შეიძლება კვლავ დაიწყოს ”თუ ის დაიწყებს უკან დახევას, ის ამას გააკეთებს ძალიან სწრაფად,” – დასძინა მან.

ამას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს ზღვის დონის გლობალური აწევის თვალსაზრისით. დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის ფარი შეიცავს საკმარის წყალს ზღვის დონის დაახლოებით 5 მეტრით აწევისთვის , რამაც შეიძლება დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვიოს მსოფლიოს სანაპირო ქალაქებში.

კვლევა არის „დიდი დეტექტიური ნამუშევარი“ ანტარქტიდის ყინულის დიდი ნაწილის შესახებ, თქვა ტედ სკამბოსმა, გლაციოლოგმა კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტიდან.

კვლევის მთავარი მესიჯი არის ის, რომ „ანტარქტიდაში არსებული ყინულის რაოდენობა შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს – ისეთი ტემპით, რომელთან გამკლავებაც ბევრი სანაპირო ქალაქისთვის რთული იქნება.

ყინულის ბირთვები დედამიწის ატმოსფეროს ისტორიული არქივებია. ისინი შედგება ყინულის ფენებისგან, რომლებიც წარმოიქმნება თოვლის შედეგად და შეკუმშულია ათასობით წლის განმავლობაში, ისინი შეიცავს უძველესი ჰაერის ბუშტებს და ასევე დამაბინძურებელ ნივთიერებებს, რომლებიც ასახავს გარემოს ცვლილებებს ათასწლეულების განმავლობაში.

კვლევაში გაანალიზებული ყინულის ბირთვი Skytrain Ice Rise-ის მხრიდან გაიბურღა, რომელიც ყინულის ფარის კიდეზე მდებარეობს, იმ წერტილთან ახლოს, სადაც ყინული იწყებს ცურვას და  Ronne Ice Shelf-ის ნაწილი ხდება.

მეცნიერებმა ის 2019 წელს ამოიღეს რთული პროცესის შედეგად, რომელიც მოიცავდა მუდმივ ბურღვას 40 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ მათ ბირთვი დაჭრეს ნაწილებად, ჩაალაგეს იზოლირებულ ყუთებში, რომლებიც ინახება მინუს 20 გრადუს ცელსიუსზე და გაგზავნეს დიდ ბრიტანეთში თვითმფრინავით, შემდეგ კი გემით.

ბრიტანეთში ნიმუშების ჩატანის შემდეგ , მეცნიერებმა გაზომეს წყლის იზოტოპები ყინულის ბირთვში, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას წარსულის ტემპერატურის შესახებ. უფრო თბილი ტემპერატურა მიუთითებს იმაზე, რომ ყინული უფრო დაბლა მდებარეობს.  “წარმოიდგინეთ, რომ მთაა, – თქვა ვოლფმა – და რაც უფრო მაღლა ადიხართ, მით უფრო ცივა.“

მათ ასევე გაზომეს ყინულში ჩარჩენილი ჰაერის ბუშტების წნევა. ქვედა, უფრო თხელი ყინული შეიცავს ჰაერის ბუშტებს მაღალი წნევის  ქვეშ.

ვოლფმა თქვა, რომ გასაკვირი იყო, როდესაც მონაცემებმა აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად გათხელდა ყინული ბოლო გამყინვარების პერიოდის ბოლოს. „ჩვენ რეალურად დიდი დრო დავხარჯეთ შესამოწმებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ანალიზში შეცდომა არ დავუშვით.

დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის ფურცელი განსაკუთრებით დაუცველია კლიმატის ცვლილების მიმართ, რადგან მის ქვეშ მდებარე ხმელეთი ზღვის დონიდან დაბლაა და ქვევით არის დახრილი. როდესაც თბილი წყალი წყალქვეშ მოხვდება, ის შეიძლება ძალიან სწრაფად დადნეს. “ეს შეიძლება იყოს უკონტროლო პროცესი და ეს, როგორც ჩანს, 8000 წლის წინ მოხდა”, – თქვა ვოლფმა.

ის, რაც ამ დასკვნებს ასე საგანგაშოს ხდის, იზობელ როუელის,კვლევის თანაავტორის,  ბრიტანული ანტარქტიდის სამსახურის ყინულის ბირთვის მკვლევარის აზრით არის ის, რომ როგორც კი პროცესი დაიწყება, მის შესაჩერებლად ადამიანებს პრაქტიკულად აღარაფრის გაკეთება შეუძლიათ.

“მთავარი ის არის, რომ პროცესი ძალიან შორს არ წავიდეს. ეს კი ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილებებს უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ეს გარდამტეხი მომენტი“– თქვა ვოლფმა .

ახალი მონაცემები ხელს შეუწყობს მოდელების სიზუსტის გაუმჯობესებას, რომლებსაც მეცნიერები იყენებენ იმის პროგნოზირებისთვის, თუ როგორ რეაგირებს ყინულის ფარი მომავალ გლობალურ დათბობაზე, ნათქვამია მოხსენებაში.

დევიდ თორნელი, ოკეანისა და კლიმატის მეცნიერი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან, ამბობს, რომ აღმოჩენები “გასაოცარია”. მისი გაფრთხილების თანახმად, იმის გამო, რომ კვლევა განიხილავდა 8000 წლის წინანდელ პერიოდს, როდესაც კლიმატური პირობები განსხვავებული იყო, შედეგები არ არის პირდაპირი მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს დღეს. მაგრამ, დასძინა მან,“ მათ მაინც შეუძლიათ დაგვანახონ უფრო ნათლად, თუ როგორ შეიძლება დაიმსხვრეს ყინულის ფარები. “

“ახალი კვლევა აძლიერებს ამ შეშფოთებას,  ის  გვიჩვენებს, რომ იგივე პროცესები, რომლებსაც ახლა ვხედავთ ისეთ რაიონებში, როგორიცაა Thwaites Glacier, ადრე უკვე მოხდა ანტარქტიდის მსგავს რაიონებში და მართლაც, ყინულის დნობის სიჩქარე უტოლდებოდა ყინულის დანაკარგის შესახებ ჩვენს ყველაზე ცუდ მოლოდინებს“–თქვა მან.