ბელორუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ნომერ პირველი თემა ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაა – 9 მაისს მოსკოვსა და მინსკში საზეიმო ღონისძიებებზე ის არაჯანსაღად გამოიყურებოდა.
ბელორუსულმა მედიამ მაშინვე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მოსკოვის აღლუმზე ალექსანდრე ლუკაშენკოს “რაღაც დაემართა“. დაქანცული ჩანდა, წითელ მოედანზე 300 მეტრის გავლა ვერ შეძლო და ელექტრომობილით სარგებლობა მოუწია. მის ხელზე ბინტი შენიშნეს – ასეთი გადახვევა ჩვეულებრივ, წვეთოვანის გადასხმის შემდეგ კეთდება. ლუკაშენკო არ დარჩენილა სადილზე ვლადიმერ პუტინთან და მოსკოვში ჩასულ სხვა პრეზიდენტებთან ერთად.
საღამოს ის მინსკში გაფრინდა და, ტრადიციის საწინააღმდეგოდ, არ ისაუბრა 9 მაისის საპატივცემულოდ გამართულ საზეიმო ცერემონიაზე. ლუკაშენკოს ნაცვლად, მაგრამ მისი სახელით, სიტყვით თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი გამოვიდა.
ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რუსმა ჟურნალისტებმაც ისაუბრეს. „ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავისი არაჯანსაღი გარეგნობით მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და უცებ ძალიან შემეცოდა ეს მოხუცებული კაცი, რომელიც ბოლო მომენტში მაინც ჩავიდა მოსკოვში. აშკარად ძალიან ცუდად იყო და ღმერთმა დაიფარა, რომ არ დასჭირდა საკაცე რეანიმაციული ხელსაწყოთი, რომელიც ღონისძიების დაწყებამდე მიიტანეს გუმ-ის კუთხეში“, – წერს კომერსანტის ჟურნალისტი ანდრეი კოლესნიკოვი.
ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ლუკაშენკოს “რაც შეიძლება მალე უნდა დაეტოვებინა მოსკოვი ბელორუსში სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის და მისი ჯანმრთელობის განხილვა “უკიდურესად არასწორია”.
მას შემდეგ ლუკაშენკო საჯაროდ არ გამოჩენილა. არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ეს საერთოდ არ არის ბელორუსის ხელისუფლების ტრადიციაში. გამოცემა Zerkalo-მ გამოთვალა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ლუკაშენკომ და მისმა წარმომადგენლებმა მის ჯანმრთელობაზე მხოლოდ ოთხჯერ ისაუბრეს. 2013 და 2014 წლებში მას მუხლებზე ოპერაცია გაუკეთეს (ან ორი ოპერაცია ერთ მუხლზე), ხოლო 2020 წელს თავად თქვა, რომ ორჯერ ჰქონდა უსიმპტომო კორონავირუსი.
ლუკაშენკოს კორტეჟი შაბათს დროზდის წყალსაცავის ნაპირას მდებარე „რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრის“ წინ შენიშნეს, – ამის შესახებ ცნობა ერთბაშად რამდენიმე მედია რესურსმა (@euroradio და @motolkohelp) გაავრცელა.
სამთავრობო კორტეჟის გამოჩენის დროს საავადმყოფოსთან მისასვლელი გზები გადაკეტილი იყო, ხოლო მის გასწვრივ იდგნენ სამართალდამცველები. კორტეჟმა სამედიცინო დაწესებულება 2 საათის შემდეგ დატოვა და უკან დაბრუნდა.
ბელორუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ „ლუკაშენკო დამთავრდა“, მაშინ ბელორუსი ვალდებული იქნება აღკვეთოს „სხვა დიქტატორის ან რუსი პროტეჟის“ მოსვლა და ის მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა ამის თავიდან ასაცილებლად.
ბელორუსის კანონმდებლობით, თუ ალექსანდრე ლუკაშენკო ჯანმრთელობის მიზეზების გამო გარდაიცვალა ან თანამდებობას დატოვებს, მის ადგილს ბელორუსის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარე დაიკავებს. ახლა ამ თანამდებობას ნატალია კოჩანოვა იკავებს. მას ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადება მოუწევს.