ევროპული ბიზნესის ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ მაისის თვეში რუსეთში ავტომობილების გაყიდვა 83.5%-ით შემცირდა. ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ ამის მიზეზი დასავლეთის სანქციებია, რომელმაც რუსეთში ავტო ინდუსტრია „გაანადგურა“.
ახალი მონაცემების მიხედვით, რუსეთში 24 268 ავტომობილი გაიყიდა, მაშინ როცა 2021 წლის მაისში გაყიდული მანქანების რიცხვი ექვსჯერ მეტი იყო.
უკრაინაში რუსეთის ომის გამო, რუსულ ბაზარს ეტაპობრივად ტოვებენ დასავლური კომპანიები, მათ შორის საავტომობილო სფეროს წარმომადგენლები. რუსეთის ბაზარი სრულად დატოვა ფრანგულმა ავტომწარმოებელმა „რენომ“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ავტოწარმოება დამოკიდებულია გლობალურ მარაგებზე, დაწესებული სანქციების გამო კი დეფიციტი წარმოიშვა და შემცირდა ადგილობრივი წარმოება.
რუსული კომპანიების მონაცემებით, ბაზარზე ავტომობილების ფასი თითქმის 50%-ით არის გაზრდილი, ეს მაშინ როცა ქვეყანაში შემოსავალი შემცირდა, ხოლო ინფლაცია 20 წლის მაქსიმუმს უახლოვდება.