მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი ნოდარ რუხაძე წერს, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დევნილებს უთხრა, რომ 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას არ აპირებენ.
“დევნილთა სამინისტროსთან გვქონდა საპროტესტი აქცია. მოვახერხეთ და ორი აფხაზეთიდან დევნილი შევახვედრეთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს.
გიორგი წოწკოლაურის პასუხები: ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხუთდღიანი კარანტინი აუცილებელია და გაუქმებას არ ვაპირებთ. რამდენი დროშაც არ უნდა იქნიოთ, “სირცხვილიამ” და სხვებმა, მაინც იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც გვინდა. თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები, აქცია კი მიზანმიმართული პროვოკაციაა. პოზნერი “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩამოიყვანა. რუსული ოკუპაცია “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულია, ჩვენ ნუ მოგვთხოვთ პასუხებს”,– წერს რუხაძე facebook-ზე.
ენგურის გადმოკვეთის დროს დღეს 4 ადამიანი გარდაიცვალა. ისინი ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, ადიდებულმა ენგურმა წაიღო.
ოკუპირებულ გალში მცხოვრებლებს ზუგდიდში გადმოსვლის დროს 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რის გამოც ისინი ხშირად ენგურის გადმოლახვას ამჯობინებენ.