უკრაინასა და საქართველოს საუკეთესო მომავალის არჩევის უფლება აქვთ – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის ტერიტორიულ წყლებზეც.

დეპარტამენტის ცნობით, აშშ-უკრაინის ურთიერთობა უკრაინასა და უფრო ფართო რეგიონში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„უკრაინის ტრაექტორია მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ ნათელია და უკრაინელ ხალხს შეუძლია იამაყოს თავისი მიღწევებით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატები თქვენ გვერდით იდგა“,– აღნიშნავს ბლინკენი.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 30 წლის წინ, უკრაინის უზენაესმა რადამ არჩევანი გააკეთა, რომ დაეწყო ახალი კურსი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოსი, რომელიც ორიენტირებულია ევროპულ ღირებულებებზე.

“უკრაინამ მოიპოვა თავისუფლება საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული დიქტატურისგან უკრაინელების თავისუფლების სიყვარულის გამო. თავისუფლების ეს სიყვარული ღრმაა უკრაინის ისტორიაში, ვოლოდიმირ დიდის დროიდან მოყოლებული.

შეერთებულ შტატებსა და უკრაინას საერთო სურვილი აქვთ, ყველა უკრაინელს ნათელი და აყვავებული მომავალი ჰქონდეს. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლაში”,– აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს უფლება აქვთ, აირჩიონ საუკეთესო მომავალი თავიანთი ხალხისთვის – შრომითა და სწრაფვით ევროატლანტიკური ოჯახის, NATO-ს წევრები გახდნენ.