ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს – კობახიძე

“ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს ” –  განაცხადა, “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე,  სადაც მთლიანად,  საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, ქვეყნების შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკაზე ისაუბრა. კობახიძემ მიმოიხილა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა, მისი თქმით, ეს არის “სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა”. კობახიძის შეფასებით, “ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია”.

“წელს აზიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB China შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს;მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის.მზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ა.შ.

ეს არის იმ შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამ მოუტანა. სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც, გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩინეთის ხელისუფლებას მადლობას გადავუხდი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს ჩაუყრის ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის ყველა იმ წევრს, რომლის საქმიანობამაც მოიტანა ეს უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდის წევრებს – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს მათი ძალისხმევისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოს სახელით.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩინელ პარტნიორებს: პირადად პრეზიდენტ სი ძინ პინს, რომელმაც ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას საქართველოსთან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს და პარტნიორ მინისტრებს. მადლობას ვუხდი ჩინეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ჭოუ ციენს, რომლის პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები თავდაპირველად სტრატეგიული პარტნიორობის, ახლა კი უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ხელშესახებ სარგებელს მრავალი მიმართულებით.“- განაცხადა კობახიძემ.