აგვისტოს ბოლოს ორჯერადად აცრილი 23 გარდაცვლილი გვყავდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აგვიტოს ბოლოსთვის ვაქცინით ორჯერადად აცრილი 23 ადამიანი იყო გარდაცვლილი. მისი განმარტებით, ყველა მათგანს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

“ორჯერადად აცრილი არის 903 000. დიახ, ამ 903 000-დან 11 000-ს ადამიანს დაემართა კოვიდი, მაგრამ მათ უმრავლესობას არ დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია. რა თქმა უნდა, ერთეულებია, სანამ არ გამოვა მიმოხილვა, ციფრებს არ დავასახელებ. არის გარდაცვლილებიც, დაგიდასტურებთ. აგვისტოს ბოლო რიცხვებით, ორჯერადად აცრილი 23 გარდაცვლილი გვყავდა, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში და ეს ძალიან დეტალურად შეისწავლება, ვერბალურ აუტოფსიას ვეძახით ამას, ყველა იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით. განასხვავეთ ახლა თქვენ, სამწუხაროდ, 9 000-მდე გარდაცვლილი, მათ შორის, 99% აუცრელი და აცრილებში – 23”,– თქვა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

მისივე განცხადებით, ორჯერადი აცრა 9.3-ჯერ იცავს ინფიცირებისგან, ხოლო გარდაცვალების რისკს 25-30-ჯერ ამცირებს.

“9.3-ჯერ მაღალი აქვს რისკი არააცრილს, რომ ის დაინფიცირდეს კოვიდიანთან კონტაქტის შემდეგ, ვიდრე აცრილს. დაახლოებით 23-ჯერ ნაკლებია რისკი, რომ ორჯერ აცრილი, თუ მას დაემართა კოვიდი, მოხვდეს ჰოსპიტალში და შემდგომ ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში. დაახლოებით 25-30-ჯერ ნაკლებია სიკვდილიანობის რისკი, თუ ორჯერ აცრილს დაემართა „კოვიდი“. დამერწმუნეთ, ეს რეალური ციფრებია. აცრა სერიოზულად იცავს. რა თქმა უნდა, მედიცინაში 100%-იანი არაფერია”,– აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.