ადვოკატები პროკურატურისგან სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პროკურატურისგან ექსპრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

“ჩვენ დღეს პროკურატურასთან ვიმყოფებით, რათა შევიტანოთ განცხადება და მოთხოვნა პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის.

პირველ რიგში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს დღეს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე – ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენ მასთან გვაქვს გაცვლა-გამოცვლა მასალების, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში ეს არის არაჰუმანური და არაადაიანური მოპყრობის, წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი”,– ამბობს ნიკა გვარამია.

ის მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ.

გვარამია ინსპექტორს ასევე მოუწოდებს, მის ხელთ არსებული ვიდეომასალა გამოაქვეყნოს.