აეკრძალოთ რუსებს უკრაინაში შემოსვლა შემდეგი 50 წლით–პეტიცია ზელენსკის სახელზე

უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე რუსთის ყველა მოქალაქისთვის შემდეგი 50 წლის მანძილზე უკრაინაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით პეტიციამ უკვე მოაგროვა 25 ათასი ხელმომწერი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვალდებულია ეს წინადადება განიხილოს.

პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ რუსეთთან ომი უკვე 8 წელია გრძელდება:

“სამწუხაროდ ამ 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინის დაცვა დივერსანტებისგან, აგენტურისგან და მტრის სამიზნეების მაკორექტირებლებისგან, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში იყვნენ რუსეთთან უვიზო რეჟიმის გამო. ამის საფასური ჩვენ ათასობით ადამიანის სიცოცხლით გადავიხადეთ“– ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

ავტორები გამოდიან წინადადებით, უკრაინაში ყველა რუსისთვის სრულად აიკრძალოს შესვლა და ბინადრობის ნებართვის გაცემა შემდეგი 50 წლის განმავლობაში.

პეტიციის ავტორების აზრით გამონაკლისი შეიძლება ის ადამიანები იყვნენ, ვინც რუსეთ–უკრაინის ომში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.