ავადმყოფობა ბევრ რამეში გზღუდავს, თუ გონიერად არ მოიქცევი, შეიძლება გიმსხვერპლოს – კახაძე

უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მთავრობას უნდა მიეცეს უფლება, ლოკალური გამოწვევების დროს ოპერატიულად იმოქმედოს, რათა ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

„თითოეული ჩვენთაგანი პოტენციური პაციენტია. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ მე პოტენციურად ავადობის გამავრცელებლად ვითვლები, ნებსით თუ უნებლიედ, მათი დამაავადებელი და ამ პანდემიის გამავრცელებელი გავხდები, ანუ მისი მსახური. რასაკვირველია, ჩემი იზოლირება ჩემს უფლებებს ნაწილობრივ შეზღუდავს, მაგრამ ათასჯერ ძლიერდება ჩემს მიმართ მზრუნველობა, როგორც სამედიცინო სამყაროს მხრიდან, ასევე ის დაცვითი ფუნქციები, რომელიც მე არამხოლოდ გამომაჯამრთელებს, არამედ უსაფრთხოდ გამომიყვანს სამოღვაწეო ასპარეზზე.

იმაზე აპელირება, რომ აი, „ადამიანის უფლება ილახება და იზღუდება“, დიახ, ავადმყოფობა ასეთი რამეა. ბევრ რამეში გზღუდავს და თუ გონიერად არ მოიქცევი, შეიძლება გიმსხვერპლოს კიდეც. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რისკები მინიმიზირებული გავხადოთ. ჩვენი ეს ინიციატივაც იმით იყო განსაზღვრული, რომ ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს მიეცეს უფლება, ლოკალური გამოწვევების დროს ოპერატიულად იმოქმედოს ყველა იმ დაცვითი ფუნქციით, რაც მას საშუალებას აძლევს, ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაიცვას“,- თქვა ლადო კახაძემ.

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების კანონპროეტს გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მეორე და მესამე მოსმენა და საბოლოო კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი.

მისი საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.