პარლამენტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

80 მომხრე, 3 წინააღმდეგი – პარლამენტმა კანონპროექტს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას შეზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას აძლევს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მეორე და მესამე მოსმენა და საბოლოო კენჭისყრა ხვალ არის დაგეგმილი.

მისი საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.