ავერსის კლინიკის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, 31 აგვისტოდან დღემდე „ავერსის“ რუსთავის ფილიალში 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

,,ამ დროისთვის მოკვლეულია 60-მდე კონტაქტი და ეპიდემიოლოგები მუშაობას კვლავ აგრძელებენ. 31 აგვისტოდან დღემდე ,,ავერსის“ რუსთავის ფილიალში მედპერსონალის ინფიცირების 13 დადასტურებული შემთხვევაა“, – განაცხადა ბეგაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ 13–დან 7 რუსთავის მკვიდრია.

რუსთავის აღნიშნული კლინიკა ფუნქციონირებას აგრძელებს. ამ ეტაპზე კლინიკის დახურვის საჭიროებას ვერ ხედავენ.

2 სექტემბერს ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში კონფერენციაში მონაწილე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის რუსთავის ავერსის კლინიკაში მუშაობს.

სასტუმროში 400 ექიმი კონფერენციას ესწრებოდა. ახლა ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ნაწილდებიან.