ავღანეთში თალიბანმა ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა

ავღანეთში მმართველმა მოძრაობა თალიბანმა გამოაცხადა, რომ ავღანელ ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება აღარ აქვთ.

ქალთა უნივერსიტეტებში შესვლის შეზღუდვა ძალაშია დაუყოვნებლივ და განუსაზღვრელი ვადით, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

ავღანეთში ქალებს თანმიმდევრულად ართმევენ განათლების მიღების შესაძლებლობას.

გასულ წელს თალიბებმა გოგონებს უმაღლეს სკოლებში სიარული აუკრძალეს. მიმდინარე წლის მარტში, თალიბანი უცხოეთის მთავრობებმა გააკრიტიკეს  მას შემდეგ, რაც თალიბებმა გაგზავნეს რამდენიმე სიგნალი, რომ გოგონათა სკოლები მალე გაიხსნებოდა, თუმცა საბოლოოდ ისინი დახურეს.

ავღანეთის უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები სამი თვის წინ ჩატარდა. უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა შორის ათასობით ახალგაზრდა ქალი იყო.

თუმცა, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა იმ საგნებსა და პროფესიებზე, რომელთა შესწავლაც ქალებს შეეძლოთ: ვეტერინარია, ინჟინერია, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობაქალებისთვის აიკრძალა, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა ჟურნალისტიკაზე.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს  თალიბებმა ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, უნივერსიტეტებმა შემოიღეს ცალ-ცალკე სწავლა და ცალკე შესასვლელები მამაკაცებისა და ქალებისთვის. ამავდროულად, მხოლოდ სხვა ქალებს ან მამაკაცებს შეეძლოთ მათივე სქესის ადამიანებისთვის ესწავლებინათ.

ნოემბერში ქაბულში ქალებს ქალაქის პარკებში შესვლაც აეკრძალათ. თალიბებმა მიიჩნიეს, რომ მსგავსი ქმედებები შარიათის ნორმებს არღვევს. დაახლოებით ამავე დროს, ავღანეთის დედაქალაქში ქალებს აეკრძალათ საცურაო აუზებსა და სპორტდარბაზებში შესვლა.

მოსალოდნელი იყო, რომ ეს წესები მთელ ქვეყანაში გავრცელდებოდა.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ქაბულის მაცხოვრებელმა ქალებმა მუშაობისა და განათლების უფლების დაბრუნების მოთხოვნით აქცია დაიწყეს, მაგრამ ეს ქმედებები სასტიკად აღკვეთეს.

რამდენიმე კვირის წინ ქვეყანაში ქალთა უფლებების დამცველი ზარიფა იაგუბი და კიდევ სამი პირი დააკავეს. გაეროს და სხვა ორგანიზაციების მიერ მათი გათავისუფლების მრავალი მოწოდების მიუხედავად, თალიბანს ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

გასულ კვირას ავღანეთში, საფეხბურთო სტადიონზე ათასობით მაყურებლის თვალწინ 12 ადამიანი, მათ შორის სამი ქალი საჯაროდ გაწკეპლეს.