აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში დავით გარეჯის საქმეზე განცხადებას აკეთებს

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში დავით გარეჯის საქმის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ აღნიშნულზე საკითხზე კომენტარის გაკეთებას არაკორექტულად მიიჩნევს.

“აზერბაიჯანული მხარე არ მიიჩნევს თავს უფლებამოსილად, კომენტარი გააკეთოს იურიდიულ პროცესზე, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს უბრალოდ არაკორექტული იქნებოდა” – ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა, ელდარ ბაირამოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია ყველა საკითხზე, რაც დავით გარეჯს უკავშირდება, გამოხატულია როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ასევე ტექსტში, რომელიც საგარეო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს ეკუთვნის.

„ამავდროულად, აზერბაიჯანული მხარის პოზიცია, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დავით გარეჯს უკავშირდება, უკვე გამოხატულია როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ, ისე საკმაოდ მოკლე, კონკრეტულ და გასაგებ ტექსტში, რომელიც საგარეო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწეს ეკუთვნის“, – განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.