აზოვის პოლკი უარყოფს, რომ აზოვსტალში ოკუპანტები მოიგერიეს

აზოვის პოლკი უარყოფს ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, რომ აზოვსტალის მცველებმა მოიგერიეს ოკუპანტები, რომლებიც ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განმარტებით, რუსი სამხედროები კვლავ “აზოვსტალის” ტერიტორიაზე არიან.

“კიდევ ერთხელ: არ განგვიდევნია, ისინი [რუსი სამხედროები]ქარხანაში არიან. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს”, – თქვა პალამარმა.

მანვე მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჭრილ ჯარისკაცებზე ზრუნვის თხოვნით.

შეგახსენებთ, 3 მაისს რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაზე იერიში მიიტანეს, სადაც ჯერ კიდევ იმყოფებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და უკრაინელი ჯარისკაცები. 4 მაისს რუსები ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.