ათასობით გაუქმებული ავიარეისი მსოფლიოში: ომიკრონი დაინფიცირების რეკორდებს ხსნის

მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 23 დეკემბერს დაფიქსირდა – 982 822 ათასი ადამიანი ერთი დღეღამის განმავლობაში. დეკემბრის ბოლოს მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, თუმცა ჯერჯერობით გარდაცვალების მაჩვენებელი არ გაზრდილა. საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე დღიური დაინფიცირების მაჩვენებლის რეკორდი დაფიქსირდა – 100 ათას დაინფიცირებულზე მეტი დღეში. მთელ მსოფლიოში ავიაკომპანიები პერსონალის უკმარისობის გამო რეისებს აუქმებენ, ევროპული ქვეყნები კი საკარანტინო შეზღუდვებს აბრუნებენ. რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით ომიკრონის გამოჩენის შემდეგ.

დღეში ახალი ინფიცირების შემთხვევების მხრივ ლიდერები მსოფლიოში აშშ (დაახლოებით 184 ათასი), დიდი ბრიტანეთი(120 ათასზე მეტი, საფრანგეთი(104 ათასი ) და იტალია  (თითქმის 55 ათასი შემთხვევა) არიან.

საფრანგეთში შაბათის მონაცემები რეკორდულია პანდემიის დაწყებიდან დღემდე. ქვეყანა ცდილობდა კოვიდის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელებისთვის ხელი შეეშალა, შეზღუდა დიდი ბრიტანეთიდან მოგზაურების შესვლა, სადაც დაინფიცირების მკვეთრი ზრდა უფრო ადრე დაიწყო. თუმცა, შეზღუდვების მიუხედავად დღიურად ახალ დაინიფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.

მთელ მსოფლიოში ავიარეისების გაუქმების გამო მილიონობით ადამიანის საშობაო გეგმები შეიცვალა. ავიაკომპანიებმა პირდაპირი გაგებით აღარ იციან ვინ უნდა მართოს რეისები – ისინი ამბობენ, რომ პერსონალი არ ყოფნით, რადგან ეკიპაჟების წევრები კოვიდით არიან დაინფიცირებული. ჯამში ბოლო ორი დღის განმავლობაში 6 ათასზე მეტი რეისი გაუქმდა, აქედან 900–ზე მეტი აშშ–ზე მოდის.

აშშ–ში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდაა. აშშ–ს მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ საშობაო მოგზაურობები ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელების ზრდას გამოიწვევს, თვით სრულად ვაქცინირებულ ადამიანებშიც კი.

აშშ–ში საშობაო პერიოდი ერთ–ერთი ყველაზე პიკური სეზონია ავიამიმოსვლისთვის. როგორც წესი, ამ დროს ქვეყანაში დღეღამეში დაახლოებით 4 ათასი რეისი სრულდება. მართალია ავიაკომპანიებმა ფრენების მხოლოდ მცირე ნაწილი გააუქმეს, თუმცა ეს ბევრ ამერიკელზე აისახა, რომლებიც სახლში მოხვედრას ან სტუმრად წასვლას ვეღარ ახერხებენ.

ვებგვერდ Flightaware–ის მიხედვით ავიაკომპანია United–მა პარასკევს 200 რეისი გააუქმა, ამდენივე შაბათს, რაც დაგეგმილი ფრენების10 პროცენტია. Delta-მ შაბათს 300 რეისი გააუქმა. რამდენიმე ათეული რეისი უქმდება კვირას. კომპანია აცხადებს, რომ ეკიპაჟების შემცვლელთა ძებნის ყველა რესურსი და შესაძლებლობა ამოწურა.

ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კვირას ომიკრონის შემთხვევების საერთონაციონალურმა მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია მათი ეკიპაჟების დაინფიცირებაზე.

ეს ფაქტი სერიოზული დარტყმა იქნება საავიაციო სფეროსთვის, რომელიც პანდემიის დროს სერიოზულად დაზარალდა.

100–ზე მეტი რეისის გადადება მოუწია დღეს ავსტრალიასაც. საავიაციო სფეროს სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ შეფერხებები ავიამიმოსვლაში ახლო მომავალში კვლავ გაგრძელდება და ასობით რეისი გაუქმდება.

რეისების გაუქმება გრძელდება ჩინეთში: დღეს ავიაკომპანია  China Eastern–მა 350 ფრენა გააუქმა. დღეს ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ სიანის აეროპორტმა 100 რეისის გაუქმების შესახებ განაცხადა. სიანის 13 მილიონზე მეტმა მაცხოვრებელმა მანამდე მიიღო განკარგულება სახლში დარჩეს, რადგან ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსის ახალ აფეთქებას გაუმკლავდეს.

ევროპაში კი შეზღუდვები ბრუნდება.

ომიკრონის გავრცელების სიჩქარის შესამცირებლად ევროპულმა ქვეყნებმა შეზღუდვები შემოიღეს ფრენებზე და ვაქცინირებული მოგზაურებიც დაავალდებულეს პისიარ ან ანტიგენის ტესტი წარადგინონ.

იტალიამ, ესპანეთმა და საბერძნეთმა კვლავ შემოიღეს ნიღბების სავალდებულო ტარება ღია სივრცეებში, ნიდერლანდებში კი 19 დეკემბრიდან ერთთვიანი ლოქდაუნი ამოქმედდა.

გერმანია 28 დეკემბრიდან 10 ადამიანზე მეტის ერთად შეკრებას აკრძალავს და ღამის კლუბებს დახურავს. საფეხბურთო მატჩები გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

პორტუგალიაში ბარები და ღამის კლუბები 26 დეკემბრიდან დაიხურება, მოქალაქეები კი ვალდებულები არიან 9 იანვრამდე სახლიდან იმუშაონ.

სამხრეთ აფრიკაში კი, სადაც ომიკრონი პირველად აღმოაჩინეს, ხელისუფლებამ დაავადებულთა კონტაქტების კვლევა შეწყვიტა, გარდა სერიოზული კლასტერული აფეთქებებისა.

ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვინაიდან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კორონავირუსი უკვე გადაიტანა, სახელმწიფოს  ვირუსის შეკავების სტრატეგია შედეგების შემსუბუქების სტრატეგიით შეიცვლება. ეს ნიშნავს თვითკონტროლს, ნიღბების ტარებას და სოციალურ დისტანცირებას.

ინგლისში ჯერჯერობით ახალი სერიოზოული შეზღუდვა არ შემოუღიათ,  ტრანსპორტში და მაღაზიებში ნიღბების ტარების გარდა. თუმცა, ხელისუფლება სთხოვს მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ მესამე ბუსტერ დოზა. ვაქციანციის ცენტრები აქ საშობაო დღეებშიც კი ღია იქნება.ინგლისისგან განსხვავებით ბრიტანეთის სხვა ნაწილებში ახალი შეზღუდვები შემოიღეს. შოტლანდიაში ღამის კლუბები 27 დეკემბრიდან მინიმუმ 3 კვირით დაიხურება. უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი 26 დეკემბრიდან.

ამ კვირაში გამოქვეყნებულმა კვლევებმა ომიკრონთან დაკავშირებით აჩვენა, რომ ეს ვარიანტი ჰოსპიტალიზაციის და გართულებების ნაკლებ რისკს ქმნის დელტა ვარიანტთან შედარებით. ამ ვირუსით დაინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაცია 50–70%–ით უფრო იშვიათად ესაჭიროებათ.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებლად შემოიღებს შეზღუდვებს შობის შემდეგ, თუ ეს საჭირო გახდება. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დაინფიცირებულთა დიდმა რაოდენობამ ჯანდაცვის სისტემაზე შეიძლება სერიოზული ზეწოლა გამოიწვიოს. გარდა ამისა, მასობრივი ინფიცირების გამო ბრიტანეთის სახელმწიფო სამსახურები თანამშრომელთა უკმარისობას განიცდიან, მათ შორის ექიმების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების და პოლიციელების.