ავიაკომპანია “აირზენას“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ლელოს შეუერთდა

ავიაკომპანია აირზენას დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი პოლიტიკურ გაერთიანებას “ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა. ის მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინეს. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გაიაშვილის გადაწყვეტილება მათ გუნდს შეუერთდეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ერთად აცნობიერებენ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება:

“გვინდა განვაცხადოთ კიდევ ლელოს გაძლიერების შესახებ, ჩვენ გვიერთდება საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ–ერთ ყველაზე მაღალტექნოლგიურ საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ, გაიარა ყველა ის სიმძიმეები, რაც ჩვენ ქვეყანას ქონდა ამ წლების განმავლობაში. დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის გარეთ. მადლობა მას ამ გადაწყვეტილების გამო.“– თქვა ხაზარაძემ.

გაიაშვილი ამბობს, რომ მისთვის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მძიმე იყო:

“დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. პოლიტიკაში ჩართვა ეს არის მძიმე გადაწყვეტილება ჩემთვის, ასევე ჩემი მეგობრებისთვის მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედი გამიცრუვდა. ეს კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღდგენა და მთელი რიგი საკითხები….მე დავკარგე იმედი და აქედან გამომდინარე დღეს დადგა ჟამი, რომ ყველა, ვინც  თავისი შვილების ბედით არიან დაინტერესებული, არა დავუტოვოთ ჩვენ მათ მათ არა სახლები, ბიზნესი, არამედ რომ მათ დავუტოვოთ ქვეყანა, რომელშიც ეცხოვრებათ. ჩვენი მთავარი მიზანია,  რომ მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ. ხუთი შვილი ყავს ბატონ მამუკას, ექვსი შვილი მყავს მე, სამი ბატონ ბადრის და ძალიან გვაწუხებს ჩვენი შვილების მომავალი. ამიტომ სხვა გზა არ გვქონდა ჩვენ დარჩენილი, რომ გვეზრუნა ჩვენი ქვეყნის ბედზე. ჩვენი მესიჯია არა წადით, არამედ მოდით და ერთად ვაშენოთ ბედნიერი საქართველო.“– თქვა გაიაშვილმა.