ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი მოსკოვის გარეუბანში, ბორისოვსკის სასაფლაოზე ადგილობრივი დროით 16 საათზე დაკრძალეს.

ტაძრიდან სასაფლაომდე მას ხალხი აწეული ყვავილებით მიაცილებდა და სხვადასხვა ფრაზებს სკანდირებდა. მათ შორის ფრაზას – ”პუტინი მკვლელია” და ”რუსეთი პუტინის გარეშე”.

დაკრძალვამდე, მარინოში, დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძარში მისი პარაკლისი და გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი გაიმართა.

ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი იდგა რიგში და სკანდირებდა, რომ ”რუსეთი იქნება თავისუფალი”.


ნავალნისთან გამომშვიდობების მსურველი იმდენად ბევრი იყო, რომ რიგი კილომეტრზე მეტ სიგრძეზე გაიჭიმა და მეზობლად მდებარე კორპუსების ეზოშიც გაგრძელდა.

ნავალნის გასვენებაში მისული რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი შოკირებულნი არიან ნავალნის სიკვდილით, თუმცა მის ბრძოლას გააგრძელებენ.

”როცა ეს გავიგე, სასოწარკვეთის, ტრაგედიის განცხა დამეუფლა. ახლა უკვე ვერ ვხედავ გამოსავალს, თუმცა ალექსეიმ გვითხრა, რომ არ უნდა დავნებდეთ, ესეიგი მაინც არ უნდა დავნებდეთ. მოვედი, სანთლები მოვიტანე და ვარიგებ. ალექსეი იყო იმედის სხივი, რომელიც ჩაქრა, თუმცა არ მინდა, რომ ალექსეისთან ერთად იმედი გაქრეს. მინდა, რომ ჩვენ ყველამ ვატაროთ ეს სხივი”. –  განაცხადა პანაშვიდზე მისულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

”არ შემეძლო არ მოვსულიყავი. ჩვენ ჯერ კიდევ 2013 წელს ვმონაწილეობდით ნავალნის კამპანიაში მერის არჩევნებისას. ჩემი შვილიც 5 წლის იყო და ფლაერებს არიგებდა. არ შეიძლებოდა არმოსვლა. დაინახონ, რომ ბევრი ხედავს, ბევრს ახსოვს. გაჩუმება არ გამოვა.
ხალხის გრძელი კოლონა ნავალნის სასაფლაომდე ფეხით მიაცილებდა, თუმცა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი შეაჩერეს და აღარ გაატარეს. ხალხი ითხოვდა, ნავალნისთან დასამშვიდობებლად ბოლომდე მიეშვათ”. – განაცხადა მოქალაქემ, რომელიც ნავალნის დაკრძალვაზე ყვავილებით მივიდა.

დაკრძალვის მომენტი ხანმოკლე იყო. ისმოდა მუსიკა ფილმ ტერმინატორ 2–ის ფინალური სცენიდან, რომელსაც ნავალნის პრესმდივნის თქმით ის საუკეთესო ფილმად თვლიდა.

პარალელურად დილიდან მობილიზებული იყო მოსკოვის მილიცია.

ტაძართან ყველაზე ახლოს მდებარე მეტროსადგურიდან მიმავალი გზა დილიდან გადაკეტეს და ადგილზე  მილიცია მორიგეობდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მეტალის ბარიერებით შემოღობეს. იქვე იყო სპეცრაზმის მანქანები. მილიციელები იყვნენ ტაძრის მიმდებარე შენობების სახურავებზეც.

გამოსამშვიდობებლად მისულთა ნაწილს საბუთებს უმოწმებდნენ, თუმცა ამან ხალხის ნაკადი ვერ შეაჩერა.

რუსი ოპოზიციონერი, პუტინის მთავარი ოპონენტი, ალექსეი ნავალნი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მის ცხედარს ოჯახს არ აძლევდნენ და დედისგან ითხოვდნენ, ნავალნი ჩუმად, ხმაურის და ხალხმრავალი გამომშვიდობების გარეშე დაემარხა, რაზეც დედა არ დათანხმდა. ცხედარი ოჯახს გასული კვირის ბოლოს გადასცეს, თუმცა როგორც ნავალნის გუნდი ამბობს, მათ სარიტუალო დარბაზის მოძებნაში პრობლემები შეექმნათ. ბოლოს ნავალნის დაკრძალვა ბორისოვსკის სასაფლაოზე გადაწყდა.

რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის შემდეგ მისმა ცოლმა, იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის გათავისუფლებისთვის იბრძოლებს.