“ამაზე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი” – ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის. მან ადრე თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.

“ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას, ამაზე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი. მე მიმაჩნია, რომ დღეს აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი იყოს გაკეთებული, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს, რაც ეკადრება ქვეყანას”,– განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, არ არის დადასტურებული, რომ საქართველოში შეუძლებელია სააკაშვილის მკურნალობა.

“მე ამას ვერ შევაფასებ. სანამ ეს არ არის დადასტურებული, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არის ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს”,– აღნიშნა ზურაბიშვილმა.