“ამერიკაში კოვიდ-სიტუაცია შოკისმომგვრელია“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ბრიფინგზე ითქვა, რომ შეერთებულ შტატებში კოვიდ-სიტუაციით შექმნილი ვითარება “შოკისმომგვრელია”. პანდემიასთან დაკავშირებით ყოველკვირეული ბრიფინგი ჟენევაში ორშაბათობით ტარდება.

“ეპიდემია შეერთებულ შტატებში ძალიან მწვავეა. ის ძალზე ფართოდაა გავრცელებული. გულწრფელად რომ ვთქვა, შოკის მომგვრელია ის, რომ ერთიდან ორ ადამიანამდე კვდება ყოველ წუთში შეერთებულ შტატებში, ქვეყანაში, რომელსაც არაჩვეულებრივი, ძლიერი ჯანდაცვის სისტემა და განსაცვიფრებელი ტექნოლოგიური შესაძლებლობები აქვს” – განაცხადა მაიკ რაიანმა. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში პანდემია კოვიდ-19-თან დაკავშირებით შექმნილ საგანგებო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის – ჯანმოს გენერალური დირექტორის – თქმით, მათ ჯერ არ ჰქონიათ ურთიერთობა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. წლის განმავლობაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს. ტრამპის ადმინისტრაცია ჯანმოს მიკერძოებულობაში და კორუმპირებულობაში სდებს ბრალს, თუმცა რამდენადაც ცნობილია, ბაიდენი ამ გადაწყვეტილების შეცვლას და ამერიკის საერთაშორისო ორგანიზაციაში დაბრუნებას გეგმავს.

წყარო: ამერიკის ხმა