ამერიკელი ჩინოვნიკები უკრაინის კონტრშეტევას უმნიშვნელოვანეს მიღწევად თვლიან–New York Times

უკრაინული არმიის წარმატებები ჩრდილო–აღმოსავლეთში, კერძოდ იზიუმის დაბრუნება უკრაინის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, თუმცა ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება მას.

ამის შესახებ New York Times წერს ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით, რომელთა აზრით არის ნიშნები, რომ ახლანდელი შეტევა შეიძლება იმ შეტევის ადრეული ეტაპი იყოს, რომელიც რუსების ფრონტის ხაზს მნიშვნელოვნად გადაწევს უკან.

გამოცემა წერს, რომ აშშ–ს ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები მაღალ შეფასებას აძლევენ კონტრშეტევისთვის უკრაინელების დახვეწილ მომზადებას. მათი გადაწყვეტილება, რეკლამირება გაეკეთებინათ სამხრეთის კონტრშეტევისთვის, სანამ დარტყმას მიიტანდნენ ჩრდილო–აღმოსავლეთში, დეზორიენტაციის სტანდარტული ხერხია, რომელსაც ამერიკელი სპეცრაზმელები იყენებენ. სწორედ ისინი წვრთნიან უკრაინელებს 2014 წლიდან, ყირიმის ოკუპაციის მომენტიდან. ზაფხულში უკრაინელმა ჩინოვნიკებმა გაააქტიურეს სადაზვერვო მონაცემების გაცვლა ამერიკელ კოლეგებთან მაშინ, როცა კონტრშეტევის დაგეგმვა დაიწყეს. ამერიკელი ჩინოვნიკები არ ასახელებენ, კონტრშეტევის გეგმის რა დეტალები გაუზიარა უკრაინამ აშშ–ს და რა რჩევები მიიღო მისგან. თუმცა, ერთი ჩინოვნიკი ამბობს, რომ ამერიკელები მუდმივად განიხილავდნენ კიევთან, როგორ შეეძლო უკრაინას აღმოსავლეთში რუსების წინსვლის შეჩერება– წერს ამერიკული გამოცემა.

როგორც აშშ–ს ევროპული არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს,  უკრაინელების წარმატება მეტყველებს, რომ უკრაინელების ძალისხმევა სამხრეთში ტერიტორიების დასაბრუნებლად შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ, და ნიადაგიც კი მოამზადოს მომავალ წელს ყირიმის დაბრუნებისთვის.

სხვა ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ სიტუაცია უკრაინისთვის შეიძლება შეიცვალოს. პენტაგონის ყოფილი ჩინოვნიკი, დაზვერვის ცენტრალური ბიუროს ოფიცერი, მიკ მალროი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევა იმაზე სწრაფად მიდის წინ, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ახლა მოვიდა დრო უკრაინული არმიისთვის, გამოიყენოს ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ რუსეთის ბრძოლისუნარიანობა დაასუსტოს და გაანადგუროს.

შეგახსენებთ, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინელებმა ბოლო დღეების მანძილზე კონტროლი აღადგინეს ათეულობით დასახლებულ პუნქტზე. 10 სექტემბერს კი რუსებმა საკვანძო ქალაქი იზიუმი დატოვეს.