ამერიკელმა ექიმებმა პაციენტების გასამხნევებლად  სპეცტანსაცმელზე საკუთარი მომღიმარი ფოტოები დაიმაგრეს

ჰოსპიტალში მოხვედრილი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები ხშირად საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, შეშინებულები არიან. გარდა იმისა, რომ ახლობელ ადამიანებთან კონტაქტი არ აქვთ, საავადმყოფოს მედპერსონალის სახეებსაც კი ვერ ხედავენ – ისინი სპეციალურ ნიღბებში, სპეცტანსაცმელში, ქუდებში და სხვა დამცავ საშუალებებში არიან დამალული, რაც პაციენტებს კიდევ უფრო თრგუნავს.

რესპირატორულმა თერაპევტმა, რობერტო როდრიგესმა სან დიეგოს სქრიფს მერსის ჰოსპიტალიდან საკუთარი მომღიმარი ფოტოს ლამინირება გააკეთა და  მკერდზე დაიმაგრა. ამით სცადა პაციენტები კარგ ხასიათზე დაეყენებინა. საკუთარი იდეა მან ინსტაგრამზე გააზიარა და მოწონებაც დაიმსახურა:

“დამამშვიდებელი ღიმილი შეშინებული პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც გავაკეთე ჩემი უზარმაზარი ლამინირებული ბეიჯი ჩემი სამედიცინო ფორმისთვის. ასე რომ, ჩემს პაციენტებს შეუძლიათ დაინახონ ჩემი დამამშვიდებელი და გამამხნევებელი ღიმილი“–დაწერა მან.

როდრიგესის იდეამ სხვა მედიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. ლოს ანჯელესის საავადმყოფოს ექთანმა, დერეკ დე ვოლტმა და მისმა კოლეგებმა იდეას შესანიშნავი უწოდეს და კოლეგას მიბაძეს.

“კორონავირუსით დაავადებული პაციენტები ჰოსპიტალში სრულიად მარტო არიან. მნახველები მათთან არ დაიშვებიან. სამედიცინო პერსონალი კი თავიდან ბოლომდე შეფუთულია დამცავ საშუალებელში. როცა პაციენტი ხედავს, ვინ იმალება ნიღბების უკან უფრო მშვიდდება ამ მძიმე და სტრესით სავსე პერიოდში“– უთხრა მან სიენენს.