ამიდუღდა ტვინი, გამეგო, რა განსხვავებაა – დიდი არაფერი – ელისაშვილი ამნისტიის 2 კანონპროექტზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, გუშინ მთელი დღე “არასაჭიროდ დაკარგა” ოპოზიციისა და ქართული ოცნების ამნისტიის კანონპროექტეს შორის განსხვავებების ძებნით.

მისი შეფასებით, კანონპროექტებს შორის დიდი განსხვავება არ არის.

“გუშინ მთელი დღე დავკარგეთ არასაჭიროდ. მთელი დღე ვისხედით. ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავება იყო ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი განსხვავებები არ არის. ამდენად, სავსებით შესაძლებელია კომპრომისი. ჩემთვის გაუგებარია ან აქედან ან იქიდან გაჯიქება, ეს რა წესია ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული?! მითუმეტეს, გამორთულ კამერებთან სხვანაირები რომ არიან და ჩართულთან სულ სხვანაირად ლაპარაკობენ, ეს არის კიდევ გაუგებარი”,– აცხადებს ელისაშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციით ვერსიით, საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. ქართული ოცნების ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის.

გარდა ამისა, ოპოზიციის კანონპროექტით, ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს, საჭირო არ არის. ქართული ოცნების პროექტის მიხედვით, პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს.