ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში არ მიიღოთ მონაწილეობა – ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ კოლეგებს და ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში, რადგან “ქართული ოცნება” 20 ივნისის მოძალადე პოლიციელებს და დამნაშავეებს ჩაწერს კანონპროექტში.  ნიკა მელიას განცხადებას,  “მთავარი არხი” ავრცელებს.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება პრინციპების დონეზეც კი, პირველივე დღესვე ჩაწერს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს მოძალადეებზეც. ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს, პირველ რიგში, ხელმომწერებს.

ხელმომწერებმა რაც არ უნდა მოინდომონ და გააკეთონ, რომ მოძალადეები იქ არ იყვნენ ჩაწერილი, ამას ქართული ოცნება გააკეთებს და აპელირებას მოახდენს უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე. ლაპარაკობს, აგერ, ბატონი კობახიძე, თალაკვაძე, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, რომელზეც საქმე არის აღძრული და ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც, პოტენციურად, შეიძლება საქმე აღიძრას.

20 ივნისის გადაფურცვლა არავის გამოუვა. მე მგონია, რომ ქართული ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს და მე მათ არ განვიკითხავ, გამორიცხულია და არც ვაკრიტიკებ, თუკი ისინი დარწმუნდებიან, რომ მცდელობა არის, სამწუხაროდ, უშედეგო და ქართული ოცნება მაინც გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში, მე მათ მივმართავ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში.  “- განაცხადა ნიკა მელიამ.