ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე ბრალდებები საფუძვლიანად უნდა გამოიძიოთ – ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება

ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია რომ წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური და მედია პოლარიზაციით ხასიათდებოდა, ბრალდებები მოსყიდვასა და ზეწოლაზე კი გამოსაძიებელია.

გთავაზობთ ევროპარლამენტარების განცხადებას სრულად :

“გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული ადგილობრივი არჩევნების პირველი რაუნდი ჩაატარა, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.

ჩვენ ვითვალისწინებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, “ქართული ოცნების” კანდიდატებმა ხმების 46.6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა.

არჩევნები არსებითად გაუმჯობესებული სამართლებრივი ჩარჩოს ქვეშ ჩატარდა. ამომრჩეველს რეალური არჩევანი მიეცა სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივას შორის. არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია.

კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა, მიუხედავად პროცესის დროს არსებული გარკვეული პროცედურული პრობლემებისა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო და პირველად მოხდა მისი ტრანსლირება, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა.

არჩევნების მეორე ტურის წინ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, დაასრულონ პირველი ტურის დროს დაფიქსირებული არასწორი ქმედებები.

ჩვენ მივმართავთ პოლიტიკურ კლასს, აჩვენონ პასუხისმგებლობა და სიმწიფე; ისინი საზოგადოებრივ ინტერესს პარტიულ ინტერესზე მაღლა უნდა აყენებდნენ, გადაფურცლონ კონფრონტაციის გვერდი და განახორციელონ აუცილებელი რეფორმები.

ევროპარლამენტი მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის დემოკრატიის მხარდაჭერის სრული სპექტრით, იმ პირობით, რომ ქართველი კოლეგებიც აჩვენებენ ამის სურვილს “, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხზე, ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი და ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.