ამ სისტემის შემდეგი ნაბიჯი იქნება დარტყმა გამოხატვის თავისუფლებაზე – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მთავარი რამ, რაც საქართველოში საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს, არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ ის არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს.

მისი აზრით, სისტემა აუცილებლად ეცდება, შეზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რადგან ის მათი მთავარი მტერია, ოპოზიციის ხელში კი – მთავარი იარაღი.

“მე არ ვიცი, როდის მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ სისტემის გზაზე შემდეგი ნაბიჯი იქნება აუცილებლად დარტყმა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეცდებიან, შეზღუდონ, იმიტომ რომ ეს არის მათი მთავარი მტერი. ამას რა საფუძვლით გააკეთებენ, არ ვიცი, შეიძლება ეს გააკეთონ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საფუძვლით, შეიძლება “ჰეით სფიჩის”, ან ცილისწამების საფუძვლით, ქვეტექსტს მნიშვნელობა არ აქვს.

საბოლოო ჯამში, უნდა გვესმოდეს, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დასაცავი, რადგან ის არის მთავარი იარაღი ჩვენ ხელში, რომლითაც შეგვიძლია სისტემა დავამარცხოთ. ეგ არის პრინციპული განსხვავება დღევანდელ რეალობასაც და საბჭოთა რეალობას შორის, თორემ სხვა მხრივ პრაქტიკულად ყველა თვალსაზრისით ჩვენ ახლა ვცხოვრობთ საბჭოთა საქართველოში”,– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ “გირჩი ტივის” ეთერში, გადაცემაში “ZOOM-იერი ჯაფარა”.