ამ შეზღუდვებით თუ რამეს მივაღწიეთ, საახალწლოდ წყალში არ გადავყაროთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თუ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით რამეს მივაღწევთ, საახალწლოდ “უცბად წყალში არ გადავყაროთ”.

“ერთიანი აზრია, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად, შევაფასოთ სიტუაცია მუდმივ რეჟიმში და გადაწყვეტილებები მივიღოთ ერთად, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაციის მიმდინარეობა, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3 კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ. იგივე, როგორც გვქონდა, მოგეხსენებათ, დიდი თავყრილობები, მაგალითად შავი პარასკევი რომ იყო რამდენიმე კვირის წინ, ის შედეგს იძლევა 2 კვირის შემდეგ, იგივე გახშირებული და მომატებული ახალი შემთხვევების ხარჯზე.

აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, უნდა ავწონ-დავწონოთ კარგად სიტუაცია, რომელიც გვექნება მომავალი 2 კვირის განმავლობაში, ყოველკვირეული შეფასებები, ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ, საახალწლოდ, უფრო არ გაგვიუარესდეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში“,– აცხადებს გამყრელიძე.

მანვე აღნიშნა, რომ პოზიტიური ტენდენცია უკვე შეინიშნება, თუმცა ეს რამდენიმე დღის შედეგია და ხანგრძლივი პერსპექტივის შესაფასებლად არ გამოდგება.