ანაზღაურებადი შვებულების აღება მამებსაც შეეძლებათ – ცვლილება შრომის კოდექსში

ახალი კანონპროექტის მიხედით, ბავშვის მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულების მიღების უფლება მამებსაც ექნებათ.

შრომის კოდექსის ცვლილების შემდეგ, დასაქმებულს მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით.

ამასთან, დასაქმებულს ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 587 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია მხოლოდ 57 კალენდარული დღე.

დოკუმენტის მიხედვით, შვილის მოვლის გამო შვებულება, პირველ პუნქტში მითითებული ორსულობის და მშობიარობის შვებულების გამოყენებული დღეების გამოკლებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ.

ამ დრომდე საქართველოს კანონმდებლობა უშუალოდ მამის დეკრეტულ შვებულებას არ არეგულირებდა.