ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულებს მოსამართლემ 20 და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული სამივე პირი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ბექა ლატარია ცნობილი იქნა დამნაშავედ შემდეგი მუხლების დარღვევაში: 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა,  შენახვა, ტარება, ჩადენილი ჯგუფურად). მას კიდევ ერთი – 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) დარღვევას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამ მუხლში ლატარია გამართლდა.

ბრალდებული ბიძინა ხასია მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო 109-ე განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მესამე ბრალდებული ლევან რაჯავი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 353-ე  [პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით] და 265-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა;

განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზი ხმაური მოჰყვა. ბრალდებული ლატარია ბადრაგებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

  • 2021 წლის 18 ოქტომბერს, თბილისში ახალგაზრდა ქალი, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. ​ანასტასია შატალოვას, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, 3 წლის შვილთან ერთად, ცხოვრობდა, გვიან ღამით სახლში დაბრუნებისას,  ჯერ ჩაუსაფრდნენ და შემდეგ თავს დაესხნენ.