“ანაფორა იმუნიტეტი არ არის” – პანსიონთან დაკავშირებით აქცია იმართება

თბილისში, პროკურატურასთან ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ორგანიზებით აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, სახლახო დამცველს მონიტორინგის ჩატარების საშუალება მიეცეს და პანსიონი დაიხუროს.

“ანაფორა იმუნიტეტი არ არის” , “დაიხუროს ჯოჯოხეთი”, “სად არიან ბავშვები”,– ვკითხულობთ მათ ბანერებზე.

ცნობისთვის, გუშინ, 2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების სავარაუდო ფაქტიც მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ასევე იძიებენ შესაძლო ძალადობის 3 ფაქტს.

მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ პანსიონში შესვლის უფლებას ომბუდსმენს მისცემს, თუ ის ბავშვებისთვის დასასმელ კითხვებს შეუთანხმებს.

პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ყვება, რომ მას რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ, ასევე, აყენებდნენ ბრინჯის მარცვლებზე.