სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ანა დოლიძემ ის დაარწმუნა, რომ დაფინანსებას ბიზნესმენი გიორგი კაპანაძისგან არ იღებს, ამიტომ, საფუძველი არ აქვს, რომ მას არ ენდოს.
“ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, ანა დოლიძის ორგანიზაციას ვინ აფინანსებს. ჩვენ, ლევან იოსელიანმა, ლევან კობერიძემ ძაან დაწვრილებით ვკითხეთ ანას, მართალი ხომ არ არის ის მოარული ხმები, რომ დისკრედიტირებული ბიზნესმენი, რიჟა აფინანსებს მას სინამდვილეში.
ანამ დაგვარწმუნა, რომ 1 თეთრი არ მიუღია დაფინანსება რიჟასგან, მე, რა თქმა უნდა, ანა დოლიძის თვალთვალს ვერ დავიწყებ და ვიდეოკამერას ვერ დავუყენებ, მაგრამ მე მისი მჯერა … სიტყვაზე ვენდობი, არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო ანას, თუ ეს ასე არ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული გულდაწყვეტა კი არა, უფრო მეტი იქნება, მაგრამ არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ მას არ ვენდო”. – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ელისაშვილი აღნიშნავს, რომ თუ დადასტურდება, რომ გიორგი კაპანაძე ანა დოლიძის აფინანსებს, მისთვის თავზარდამცემი იქნება.
“რა თქმა უნდა, ღმერთმა დამიფაროს, რომ ეს ასე მოხდეს, ეს იქნება ჩემთვის თავზარდამცემი ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანამ დაგვარწმუნა, რომ მას ერთი თეთრი არ აუღია ბატონი რიჟასგან”. – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.